ირინა ფუტკარაძე - მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ შემდგომში, ვის ავირჩევთ, გვჭირდება ადამიანი, რომელიც გააგრძელებს მართლა დიდ საქმეებს, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ დაიწყო
მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ შემდგომში, ვის ავირჩევთ, გვჭირდება ადამიანი, რომელიც გააგრძელებს მართლა დიდ საქმეებს, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ვასილ მაღლაფერიძეს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ მის მიერ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მარტივი არ იქნებოდა.
„მესმის, რომ მარტივი არ იქნებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება და მიმაჩნია, რომ ეს თქვენი მხრიდან ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად გვიწევდა კამათი საქმესთან დაკავშირებით, მინდა, დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მართლა ძალიან ბევრი სერიოზული და გადამწყვეტი როლი შეასრულეთ; ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თემას ჩაუყარეთ საფუძველი, რომლებიც წლების განმავლობაში არ იძვროდა, როგორც ტექნიკური გადაიარაღების, ასევე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული საკითხზე. ამისთვის, ძალიან დიდი მადლობა ჩემი მხრიდან და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას.
მნიშვნელოვანია, ჩვენ საბჭოს წევრები რა გადაწყვეტილებას მივიღებთ უკვე შემდგომში, ვის ავირჩევთ, როგორ ავირჩევთ. აქ არ მინდა, დავუშვათ შეცდომები. ვფიქრობთ, ძალიან სწორად უნდა წავიდეთ და ისეთი ტიპის გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ ძალიან გავამართლოთ. ასევე, გასათვალისწინებელია, ჩვენ გვჭირდება სამომავლოდ ის ადამიანი, რომელიც მართლა დიდ საქმეებს, რომელიც ბატონმა ვასილმა დაიწყო, გააგრძელებს, რადგან აქ არის ტექნიკის გადაიარაღების საკითხი ბოლომდე მისაყვანი, მშენებლობის საკითხი, გარდა კონტენტისა და შინაარსობრივისა, არის ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხი მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.