ირინა და ვატო ციქურიშვილები „ჰელენ ჰეიზის“ 2018 წლის ნომინანტებს შორის არიან
ამერიკის თეატრალურ „ოსკარად“ წოდებულ „ჰელენ ჰეიზის“ 2018 წლის ნომინანტებს შორის ისევ მოხვდნენ ირინა და ვატო ციქურიშვილები. ქართველები ამჯერად წარდგენილნი არიან ნომინაციაში – საუკეთესო ქორეოგრაფია, მათივე დაარსებულ სინეტიკის თეატრში დადგმული სპექტაკლის „პიტერ პენის თავგადასავლისთვის“.
სინეტიკის თეატრი და მისი ქართველი და ამერიკელი ხელოვანები კიდევ ორ სხვადასხვა ნომინაციაზე დაასახელეს. მათ შორის არის საუკეთესო კოსტუმის დიზაინისა და ორიგინალური სცენარისა და მუსიკის ადაპტაციის ნომინაციები.
ნომინანტების სია მედიისთვის უკვე ცნობილია. ისინი თეატრალურ პრემიაზე 47 კატეგორიაში არიან წარდგენილნი. „ჰელენ ჰეიზის“ გამარჯვებულები მაისში გამოვლინდებიან.
ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჰელენ ჰეიზის ჯილდო 1983 წლიდან გაიცემა და დღემდე თეატრალურ „ოსკარად“ ითვლება. პრესტიჟულ თეატრალურ პრემიას 100-მდე ადგილობრივი დასიდან საუკეთესოებს ყოველწლიურად ვაშინგტონში, დაჯილდოვების ცერემონიაზე გადასცემენ.
„ჰელენ ჰეიზის“ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ვაშინგტონში 17 წლის წინ დაარსებული სინეტიკის თეატრი არაერთხელ გახდა. პირველი ჯილდო სინეტიკის “ჰამლეტმა” 2003 წელს ერთდროულად სამ ნომინაციაში მიიღო, მათ შორის საუკეთესო რეჟისურასა და ქორეოგრაფიაში. დღეს თეატრს ჰელენ ჰეიზის 117-ზე მეტი ნომინაცია და 30-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული.