ირინა ბათიაშვილი - თებერვლიდან მოყოლებული, პანდემიის მძვინვარების დასაწყისში ყველამ ერთად, სახელმწიფომ და სამოქალაქო საზოგადოებამ, შევძელით, დავხმარებოდით ერთმანეთს
ირინა ბათიაშვილი - თებერვლიდან მოყოლებული, პანდემიის მძვინვარების დასაწყისში ყველამ ერთად, სახელმწიფომ და სამოქალაქო საზოგადოებამ, შევძელით, დავხმარებოდით ერთმანეთს

თებერვლიდან მოყოლებული, პანდემიის მძვინვარების დასაწყისში ჩვენ ყველამ ერთად, სახელმწიფომ და სამოქალაქო საზოგადოებამ, შევძელით დავხმარებოდით ერთმანეთს პროდუქტებით, ფინანსურად თუ ყურადღებით, – ამის შესახებ ფეისბუქმომხმარებელი ირინა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი ქვეყანა თავისი მცირე ბიუჯეტიდან, ერთ წელზე მეტი ხნის უკან შეწყვეტილი ტურიზმიდან და რვა წლის უკან მიღებული ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მინიმალურად, მაგრამ მაინც ახერხებს შეასრულოს ნაწილობრივ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება, კონკრეტულად კი, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

იმ ადამიანებს, ვისაც საშემოსავლო გადასახადი გადავადებული ჰქონდათ, ჩამოეწერებათ ეს დავალიანება.

იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკარგა პანდემიის ფონზე სამსახური, გაგრძელდება 200 ლარიანი მიზნობრივი დახმარება იანვრიდან 6 თვის განმავლობაში.

გაიცემა 300 ლარიანი დახმარება ერთჯერად მათთვის, ვისი სამსახურიც (სავაჭრო ცენტრები, საცალო მარკეტები) ერთი თვით იხურება.

და სხვა ვალდებულებები აიღო სახელმწიფომ ამ პანდემიის ფონზე თავისი მოქალაქეების მიმართ“, – წერს ირინა ბათიაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ზოგის ქილიკი და დამცინავი სტატუსები, უადგილოა და შეურაცხმყოფელია მოქალაქეებისთვის, რომლებიც ელოდებიან თავისი ოჯახებით ამ მიზნობრივ დახმარებას.

„თებერვლიდან მოყოლებული, პანდემიის მძვინვარების დასაწყისში ჩვენ ყველამ ერთად, სახელმწიფომ და სამოქალაქო საზოგადოებამ, შევძელით დავხმარებოდით ერთმანეთს პროდუქტებით, ფინანსურად თუ ყურადღებით.

უმეტესად უკმაყოფილების სტატუსებს ვხედავ იმ ადამიანებისგან, ვისაც გაქვთ ფინანსური საშუალება, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად.
ამიტომაც, გთხოვთ, მორჩით ამ თემის პოლიტიზებას და თუ მართლა გადარდებთ სხვა ადამიანების სოციალური მდგომარეობა, დაეხმარეთ უანგაროდ.

კარგი იქნება, თუ უამრავი ქართველი მულტი მილიონერი ბიზნესმენები ამ გაჭირვების პერიოდში კოვიდის სახელმწიფო ფონდში შეიტანენ ისევ ფინანსურ დახმარებას. მაგრამ, ვფიქრობ, სახელმწიფომ და შესაბამისმა სტრუქტურამ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვა და ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს.

კარგი იქნება თუ მოხდება ამ ბიზნესმენების ვინაობის საჯაროდ გამოცხადება, რა თქმა უნდა, მათი თანხმობის შემთხვევაში, რომ იცოდეს ხალხმა ვინ უდგას გვერდში თავის ქვეყანას.

ერთადერთი დიდი მეცენატი, ადამიანი, რომელმაც კოვიდ პანდემიის ბრძოლაში უზარმაზარი თანხა გაიღო, არის ბიძინა ივანიშვილი. კარგი იქნება ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლებიც თუ მიბაძავენ მას პატრიოტიზმში და ერის დახმარებაში.

ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქტებზე ფასის დაწევა და ამ მძიმე პერიოდში, მითუმეტეს საკვებ პროდუქტებზე, ფასის მატების რეგულირება.

გაზაფხულზე წითელი ჯვრის Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ორგანიზებით, აღირიცხა ოჯახები, რომლებსაც საკვებით უნდა დახმარებოდნენ. ჩვენც ყველა ვინც შევდიოდით სურსათის მაღაზიაში, სადაც იყო ეს თაროები, ყოველთვის ჩვენ ყურადღებას (პროდუქტის სახით) ვტოვებდით და ვეუბნებოდით ერთმანეთს: ნუ გეშინია, ჩვენ შენთან ვართ! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! ეს ჩვენი საქართველოა მრავალი ჭირვარამნახული და მრავალჯერ ფენიქსივით ფერფლიდან გაცოცხლებული. მიყვარხართ ყველა და უფლის წყალობით მშვიდობიანად გადაგვეტანოს ეს განსაცდელი“, – წერს ირინა ბათიაშვილი.