ირინა ბათიაშვილი - აგრესიული ოპოზიციური ფრთის მხრიდან ხდება ძალადობის პროპაგანდა, რაც კანონით დასჯადია
აგრესიული ოპოზიციური ფრთის მხრიდან ხდება ძალადობის პროპაგანდა, რაც კანონით დასჯადია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ირინა ბათიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ჩვენს კონსტიტუციაში, მე-60 მუხლში გვაქვს მოცემული და ხელისუფლებას ვთხოვ, გამოიყენოს ეს უფლება და ვალდებულება, რაც მინიჭებული აქვს. ეს შეუძლია პრეზიდენტს, ან პარლამენტს, რომ სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს იმ პარტიების ქმედებების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც ძალადობის პროპაგანდას ეწევიან და ძალადობას პირდაპირ ტირაჟირებენ. ეს კანონით იკრძალება, ჩემი მოგონილი არ არის და არაკონსტიტუციურად უნდა იქნან ცნობილი ის პარტიები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ ფეხქვეშ მიწას დაწვავენ და დაგვთვლიან“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
მისი თქმით, აგრესიული ოპოზიციური ფრთის მხრიდან მუდმივად კეთდება განცხადებები – დაგთვლით, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, დაგიჭერთ, სახლებში შემოგივარდებით, პოლიციელების სახეებს ამოვბეჭდავთ, გამოვაჩენთ, მოსამართლეებს მოგივარდებით და ა.შ, რაც საშინელებაა.
„მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ათი წლის ბიჭის დედა და ამით აღშფოთებული ვარ. თუ არ ვცდები, გიგი უგულავამ, ან მისი გუნდის რომელიღაც წევრმა გვითხრა, თქვენ ფეხქვეშ მიწას დავწვავთო. ისინი ცხრა წელი წვავდნენ ქართველი ერის ფეხქვეშ მიწას, გვდევნიდნენ ოჯახებით, აფრასიძეების ოჯახის ძვლებზე ითბობდნენ ხელებს. მინდა, ვთქვა, რომ ისინი ვერავის ფეხქვეშ ვეღარ დაწვავენ მიწას. ეს გამორიცხულია“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა დასხდნენ თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეები და არის თუ არა დიალოგი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, ირინა ბათიაშვილმა განაცხადა, რომ ვიდრე კომპრომისებზე წავალთ და მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნება და კანონის წინაშე კომპრომისები არ იქნება.
„პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ წესრიგი უნდა დამყარდეს, პირადად მე და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ეთანხმება. იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გარანტი ჩვენი სტაბილურად სვლის, ეკონომიკური განვითარების და იმის, რომ ძალადობა გავაჩეროთ. ჩვენ თუ გვეცოდინება, რომ ჩვენ სიტყვებზე და ქცევაზე კანონის წინაშე პასუხს ვაგებთ, გინდ პოლიტიკოსი ვიყოთ და გინდ სხვა, კანონის რიდი და შიში გვექნება. ჩვენ იმ კომპრომისზე ვერ წავალთ, რომ რაკი პოლიტიკოსი ხარ, მკვლელობა გეპატიება, ან ის გეპატიება, გირაო არ გადაიხადო, ქართული კანონმდებლობა ასე ხელყო და ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობას სილა ასე გააწნა“, – განაცხადა ირინა ბათიაშვილმა.