ირინა აბულაძემ განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
ირინა აბულაძემ განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ირინა აბულაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აბულაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც ბოლო პერიოდში სისტემაში დაწყებული ცვლილებები მიმოიხილა, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს.

„პირველი ოფიციალური შეხვედრა, დანიშვნიდან პირველივე შაბათს ფინანსთა სამინისტროში გვქონდა, სადაც ითქვა, რომ უნდა დაიდოს განათლების რეფორმის სისტემური ხედვა ყველა დონეზე, არა ცალკეულად აღებული ზოგადი ან რომელიმე საფეხურის. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი მათ შორის კავშირების დანახვა იყო, თუ როგორ უწყობს თითოეული საფეხურის განვითარება შემდეგის განვითარებას ხელს. იმ და შემდეგ ბევრ შეხვედრაზე, მათ შორის საერთაშორისო და საფინანსო ორგანიზაციებთან, ვმსჯელობდით განათლების სისტემის განვითარებაზე, კვლევებზე და საქართველოს სპეციფიკაზე, ესგ ჯგუფის მიერ მომზადებულ კონცეფციაზე, რომელიც რეფორმის დაწყებას სწორედ საკლასო ოთახიდან გულისხმობდა… მიღწევებზე და იმ ფუნდამენტზე, რაზეც აუცილებლად უნდა დაშენებულიყო ეს ხედვა.

ამ ყველაფერთან სინქრონში დავიწყეთ მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება, საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს შევთავაზეთ არჩევანი – სურვილის შემთხვევაში მათი ღირსეული გაცილების გზით.

წახალისებაზე ორიენტირებული სისტემა, სკოლების მართვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა, ამისთვის სკოლების „დარუქების” პროექტის დაწყება (რომლის სოფტიMCC/MCA შეგვიძინა), სადაც EMIS ბაზაზე, ამ ეტაპისთვის სისტემაში ჩაშენდა უამრავი მონაცემი და დაიხაზა საფეხმავლო გზებიც კი, უბნის დონეზეა შესული მონაცემები მოსწავლების შესახებ და განათლებაზე ხელმისაწვდომობის სრული ანალიზია შესაძლებელი. შემდგომ კი, მოსწავლეთა შედეგების და სკოლების თვით/შეფასების ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ყველაფერი კი, მიმართულია სკოლების გაძლიერებისკენ,  გადაიქცნენ სოციალურ-კულტურულ, მულტიფუნქციურ განათლებისა და აღზრდის კერებად, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის, რეგიონის და სოფლის გასაძლიერებლად“, – აღნიშნავს აბულაძე.

მისი თქმით, აღნიშნული ხედვის შეთავაზებით, შესაძლებელი გახდა წელიწადნახევარში 300 მლნ-ზე მეტი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტების მოძიება საერთაშორისო პარტნიორებისგან და ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მზარდი სახელმწიფო ბიუჯეტის დადასტურება.

„დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს, განათლების მუშაკებს, ჩვენს ყველა დარგობრივ, ფინანასურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, ჩვენს სსიპ-ებს, საერთაშორისო პარტნიორებს და პოლიტიკურ გუნდს“, – აღნიშნავს „ფეისბუქ“ პოსტში მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ამასთან, აბულაძე ამბობს, რომ რეფორმა არის პროცესი და მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და მდგრადობა, მონაცემებზე დაფუძნებით მუდმივი დახვეწა. მისივე თქმით, რეფორმა გრძელდება და ბევრი სიალხეა მოსალოდნელი.

ამასთან, ირინა აბულაძე მადლობას უხდის განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს ირინა აბულაძის თანამდებობას.

ირინა აბულაძე მინისტრის მოადგილედ 2018 წლის ივლისიდან მუშაობდა და ზოგადი განათლების მიმართულებას კურირებდა.