„ირიაო“ ევროვიზია 2018-ის საკონკურსო სიმღერას საერთაშორისო მაყურებლის წინაშე ხვალ პირველად შეასრულებს
ეთნო ჯაზ ბენდი „ირიაო“ ევროვიზია 2018-ის საკონკურსო სიმღერას „შენი გულისთვის“ საერთაშორისო მაყურებლის წინაშე ხვალ პირველად შეასრულებს. ისრაელში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას 43 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს.
„ირიაოს“ წევრებმა თელ-ავივში უკვე გაიარეს წითელ ხალიჩაზე, რომელიც ხვალინდელი კონცერტის წვეულებას ეძღვნებოდა. მიშო ჯავახიშვილი, გაგა აბაშიძე და ბუბა მურღულია ევროფესტივალის სხვა მონაწილეებთან ერთად, Israel Calling 2018–ის ხალიჩაზე ჩოხებში ჩაცმულები მივიდნენ. მათ მედიისა და სხვა კონკურსანტების დიდი მოწონება დაიმსახურეს. ისმოდა შეძახილები „ბრავო, ჯორჯია“.
ამასთან, „ირიაო“ ხვალ იმღერებს „იავნანას“ ებრაულ ენაზე, რომელიც სპეციალურად ხვალინდელი კონცერტისთვის მომზადდა.
საქართველოს ეთნო ჯაზ ბენდი „ირიაო“ ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში 10 მაისს წარადგენს, სიმღერით „შენი გულისთვის“.
კონკურსი წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება და მასში მონაწილეობას 43 ქვეყანა მიიღებს.