საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიშს აქვეყნებს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2020 წლის არჩევნებს წინ უძღოდა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კოდექსის რეფორმა, რაც 2019 წლის ივნისში დაიწყო და ინკლუზიური მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ, მოხდა საქართველოს შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლა და პროპორციული ბარიერის ხუთი პროცენტიდან ერთ პროცენტამდე შემცირება საპარლამენტო მანდატების მისაღებად.
„ბარიერის შემცირება, პირველ რიგში, ნიშნავდა საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მინიჭებას, ხმა მიეცათ მესამე პოლიტიკური ძალისთვის; აღნიშნული ცვლილებები, ასევე, ქმნიდა ახალი რეფორმების პრაქტიკაში გატარების შესაძლებლობას, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს პარლამენტში პოლიტიკური კონკურენციისა და გენდერული მრავალფეროვნების გაზრდა ათწლეულების განმავლობაში ერთპარტიული მმართველობის შემდეგ.
კონსტიტუციური რეფორმები აღქმული იქნა, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისინი საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს დაერთო, რომლებშიც ნაწილობრივ გათვალისწინებულია საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაცემული რეკომენდაციები. მეორე მხრივ, 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები უფრო მრავალფეროვანი და მრავალპარტიული მთავრობის შექმნის, კამპანიის ხარჯების გამჭვირვალობის და საარჩევნო კოდექსის აღსრულების მხარდაჭერის მიმართულებებით.
წინასაარჩევნო გარემო იყო უმეტესად მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული, ძალადობის რამდენიმე შემთხვევით. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედია საშუალებებზე და ინფორმაციაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, არსებულ კანდიდატებს შორის დებატების სიმცირე და უკიდურესად პოლარიზებული მედიაგარემო იწვევდა საარჩევნო პროცესების ფოკუსირებას პიროვნებებზე და რიტორიკაზე და არა პოლიტიკაზე ან მოქალაქეების საჭიროებებზე. ცენტრალური საარჩევნო კომისია ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამომრჩეველთა ინფორმირებაში. გლობალური პანდემიის ფონზე, ცესკო-მ გამოავლინა არჩევნების ჩატარებისა და ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფისთვის მზაობა. საარჩევნო კომისიამ, მეტწილად, გამოაქვეყნა წესები „კოვიდ-19“ პანდემიის დროს ხმის მიცემის ალტერნატიული გზების შესახებ. ეს ნაბიჯები უპრეცედენტო და აღსანიშნავი იყო. თუმცა, ისინი გადაფარა მოსახლეობის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ უნდობლობამ, რომლებიც აღქმულნი იყვნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერებად“, – აღნიშნულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ტექნიკური შეფასების ანგარიშში.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაღალი რისკის მიუხედავად, არჩევნებზე წასვლით დემოკრატიული პროცესის მიმართ ენთუზიაზმი გამოხატა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 56.1 პროცენტს შეადგენდა, რაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელთან შედარებით, ხუთი პროცენტით მეტია. აღსანიშნავია, რომ დაწეული ბარიერის პირობებში, საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად საკმარისი ხმების მიღება შეძლო ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ, თუმცა ბოლო პერიოდში შემცირებული ერთმანდატიანი ოლქები 73–დან 30 – მდე და საზღვრების დელიმიტაცია, არ შეესაბამება ხმის მიცემის თანაბარი უფლების საერთაშორისო სტანდარტებს.
დამკვირვებელთა სანდო ჯგუფები და არაერთი თანამოსაუბრე, რომლებთანაც IRI შეხვედრებს მართავდა შეფასების მთელი პერიოდის განმავლობაში, აღნიშნავდნენ დარღვევების შესახებ, მათ შორის სახელმწიფო მოხელეების იძულებისა და დაშინების ფაქტებს, სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენების, პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ჩარევისა და სხვა უკანონო ქმედებების შესახებ. ხარვეზები გამოვლენილი იქნა ასევე შედეგების მართვის, შემოწმებისა და დადასტურების პროცესში. გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა შედეგების დათვლის, გადამოწმებისა და დადასტურების თვალსაზრისითაც.
საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე ხმის დათვლისა და შედეგების გადამოწმების სისტემების ანალიზისა და შემაჯამებელი ოქმების გადამოწმების შედეგად გაჩნდა შედეგების შესაძლო მანიპულაციის შესახებ ეჭვი. ამას გარდა, ჩართულმა და დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებსაც IRI შეხვდა, განაცხადეს, რომ მათ არ გააჩნიათ ნდობა საარჩევნო კანონმდებლობის აღსრულების მიმართ, საარჩევნო საჩივრების განხილვისთვის აუცილებელი პირობების არარსებობის გამო. აღნიშნული კიდევ უფრო ზრდის მოსახლეობის უნდობლობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“, – ნათქვამია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ტექნიკური შეფასების ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლის არჩევნებამდე მიღებული რეფორმები იყო პირველი ნაბიჯი უფრო თავისუფალი, თანასწორი და წარმომადგენლობითი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ, რომელთა ეფექტური განხორციელება დადებითად აისახებოდა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.
„საქართველოს ახლად არჩეულმა მთავრობამ უნდა იმუშაოს დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და გაითვალისიწინოს მათი რეკომენდაციები მომავალი საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად.
რეკომენდაციებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, რაც მოიცავს დარღვევების აღმოსაფხვრელად შემდგომი რეფორმების გატარებასა და კანონის შესაბამისად ახალი რეფორმების განხორციელებას, შესაძლებელს გახდის, რომ საზოგადოებაში აღდგეს მომავალი საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა“, – აღნიშნულია IRI-ს ანგარიშში.
ტექნიკური შეფასების ანგარიშში ასევე საუბარია შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე, თუმცა აღნიშნულია, რომ მათ მასშტაბს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
„ოპოზიციურმა პარტიებმა, კერძოდ, „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, რომლებშიც შედიან „ევროპული საქართველო“, „ერთიანი საქართველო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გამარჯვებული საქართველო“, დედაქალაქში დააარსეს ხმების დაცვის ოპოზიციური ცენტრი, რომლის მიზანი იყო ყველა საჩივრისა და არჩევნების დღეს მომხდარი დარღვევების ცენტრში თავმოყრა. მართალია, ეს ყველაფერი ინოვაციური ხასიათის იყო, ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების სისტემატიურად შეგროვება მათი საჩივრების დასადასტურებლად. დამკვირვებლების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების უმეტესობა ეხებოდა დაუბალანსებელ შემაჯამებელ ოქმებს. მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბლანსირებული შემაჯამებელი ოქმების, შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე“, – ნათქვამია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიშში.