IRI - ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 78 პროცენტი, ხოლო ევროკავშირში - 83 პროცენტი
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, გამოკითხულთა 78 პროცენტი მხარს უჭერს, ხოლო 15 პროცენტი არა. მათ შორის 59 პროცენტი სრულად უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას, ხოლო 19 მეტ-ნაკლებად.
ამასთან, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 8 პროცენტი, ხოლო მეტ-ნაკლებად – 6 პროცენტი.
კითხვაზე პასუხი არ აქვს/არ იცის 8 პროცენტმა.
ამასთან, გამოკითხულთა 23 პროცენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის ქვეყნის მთავარ სარგებლად უსაფრთხოებას ასახელებს, 20 პროცენტი თავდაცვას, 13 პროცენტი ეკონომიკის განმტკიცებას, 11 პროცენტი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, 8 პროცენტი სტაბილურობას, 4 პროცენტი სამხედრო მხარდაჭერას, სამი პროცენტი უკეთეს მომავალს.
კითხვაზე, თქვენი აზრით, როდის გახდება საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, გამოკითხულთა 23 პროცენტი პასუხობს, რომ 2024 წლის შემდეგ, 53 პროცენტმა კი, არ იცის/არ აქვს პასუხი, ხოლო 12 პროცენტი პასუხობს, რომ არასდროს.
რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 83 პროცენტი მხარს უჭერს, ხოლო უარს აცხადებს გამოკითხულთა 9 პროცენტი.