IRI-ის კვლევით, ინსტიტუტებს შორის პირველ ადგილს იკავებს ჯარი, მეორეს საპატრიარქო, მესამეს კი იუსტიციის სახლი
ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებაში, პირველ ადგილს ჯარი იკავებს, რომლის საქმიანობასაც დადებითად 85 პროცენტი აფასებს, უარყოფითად 11 პროცენტი. მეორე ადგილზეა საპატრიარქო, რომლის საქმიანობითაც გამოკითხულთა 80 პროცენტია კმაყოფილი, ხოლო უკმაყოფილო 14 პროცენტი.
იუსტიციის სახლების საქმიანობა მისაღებია 76 პროცენტისთვის, ხოლო მიუღებელი 18 პროცენტისთვის. ინსტიტუციონალური სამეულის შემდეგ მოდის პოლიცია, ქართული მედია და ადგილობრივი ხელისუფლება.
პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს 65 პროცენტი, ხოლო უკმაყოფილოა 32 პროცენტი, ქართული მედია მოსწონს 58 პროცენტს, არ მოსწონს 32 პროცენტს. ადგილობრივ ხელისუფლებას შეფასებაში 55 პროცენტიანი მოწონება აქვს, მისით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 40 პროცენტი.
მთავრობა საქმიანობის შეფასებით მერვე ადგილზეა. მინისტრთა კაბინეტის მუშაობა მოსწონს 40 პროცენტს, არ მოსწონს 54 პროცენტს. უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ოფისის საქმიანობით კი 39 პროცენტია კმაყოფილი და 57 პროცენტი უკმაყოფილო.
პრეზიდენტის ოფისი ინსტიტუტების საქმიანობის რეიტინგებში 14-ე ადგილს იკავებს. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მუშაობას დადებითად აფასებს 29 პროცენტი, უარყოფითად 63 პროცენტი.
ამასთან, შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდით ეროვნული მთავრობის საქმიანობას, ძალიან კარგად – პასუხობს 7 პროცენტი, მეტ-ნაკლებად კარგად 38 პროცენტი, ჯამურად 45 პროცენტი კმაყოფილია მთავრობის საქმიანობით. მეტ-ნაკლებად ცუდად – პასუხობს 28 პროცენტი, ძალიან ცუდად -23 პროცენტი, ჯამურად, მთავრობით უკმაყოფილოა 51 პროცენტი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.