IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან ევროკავშირში გაწევრიანებას 70 პროცენტი უჭერს მხარს, ნატო-ში გაწევრიანების მომხრე 64 პროცენტია
IRI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთაგან 70 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ ეთანხმება, 15 პროცენტი გარკვეულწილად ეთანხმება, სამი პროცენტი გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, შვიდი პროცენტი კატეგორიულად წინააღმდეგია, ხოლო ხუთ პროცენტს პასუხი არ აქვს.
აღნიშნულ კითხვაზე მარტში ჩატარებული გამოკითხვით, გაწევრიანებას მტკიცედ უჭერდა მხარს 74 პროცენტი, გარკვეულწილად კი ემხრობოდა 14 პროცენტი.
ამასთან, კითხვაზე მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, გამოკითხულთა 64 პროცენტი მტკიცედ უჭერს მხარს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, 14 პროცენტი გარკვეულწილად ემხრობა, ხუთი პროცენტი გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, 12 პროცენტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ხუთ პროცენტს კი პასუხი არ აქვს.
აღნიშნულ კითხვაზე მარტში ჩატარებული გამოკითხვით, ნატო-ში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერდა მხარს 60 პროცენტი, გარკვეულწილად ემხრობოდა 15 პროცენტი, გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდა რვა პროცენტი, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა 12 პროცენტი, ხოლო პასუხი არ ჰქონდა ხუთ პროცენტს.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.