საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, სამი პოლიტიკური პარტია – „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ელენე ხოშტარია- დროა“ და „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რომ: საქართველოს მოსახლეობის ნება, ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული კავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, კვლავ ურყევია. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პარადოქსული მოცემულობა, როცა პრორუსული უმცირესობა „ქართული ოცნების“ სახით მართავს პროევროპულ უმრავლესობას, მოსახლეობის 85% მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს მოცემულობა უცვლელია იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის რუპორებს, იქნება ეს ტელეკომპანიების („იმედი“, „პოს ტივი“ თუ სხვა), პოლიტიკური და კვაზი პოლიტიკური სუბიექტების („ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“ თუ სხვა), თუ ე.წ. „ექსპერტების“ (ლეგიონია მათი სახელი) სახით, უკვე წელიწადზე მეტია, გაჩაღებული აქვთ ღიად ანტიდასავლური კამპანია. მასშტაბური დეზინფორმაციული პროპაგანდის პარალელურად, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა დასავლეთის წინააღმდეგ, არ მცირდება მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც მყარად პროდასავლელი და პროევროპელია. სამაგიეროდ, მცირდება „ქართული ოცნების“ მომხრეთა რიცხვი, რასაც ეს კვლევაც ადასტურებს (6%-იანი კლება IRI-ს წინა კვლევასთან შედარებით);
მიუხედავად იმისა, რომ ერთად ოპოზიციურ პარტიებს, ამ კვლევის მიხედვითაც, აქვთ მეტი პროცენტული მხარდაჭერა და „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაბალია ჯამურად ოპოზიციის რეიტინგზე, ივანიშვილის რეჟიმის უზარმაზარი ფინანსური რესურსების (მათ შორის, „შავი“ და რუსული ფულის), არჩევნების გაყალბების და ძალადობის მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ცალკე აღებულ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ შესწევს მისი დამარცხების უნარი;
ჩვენ, სამ პარტიას, რომლებმაც ერთიანობის კამპანია წამოვიწყეთ, კონსოლიდაციის შემთხვევაში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვიდგას (კვლევის მიხედვით, ჯამურად 7%, ხოლო მეორე არჩევანის შემთხვევაში-8%). ეს კვლევაც ამას აჩვენებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ანტიდასავლური და, შესაბამისად, პრორუსული რეჟიმის დასამარცხებლად. საჭიროა, ჯერ კიდევ „ცოცხალი“, იმ ოპოზიციური პარტიების სრულად გაერთიანება, რომლებიც არ თანამშრომლობენ ქართულ ოცნებასთან და არ ატყუებენ ქვეყნის მოსახლეობას, რომ ასეთი თანამშრომლობით შესაძლებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მომავალი წლის ბოლოს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკონომიკური ხასიათის პრობლემები (უმუშევრობა, სიღარიბე, გაზრდილი ფასები) კვლავ რჩება მოქალაქეთა მთავარ გამოწვევად.
„სწორედ დასავლეთისკენ სწრაფი ნაბიჯით სვლა არის ამ პრობლემების მოგვარების ყველაზე ეფექტური გზა. სწორედ ევროკავშირი და ნატო-ა ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური წინსვლის გარანტია, რასაც წინ ეღობება პრორუსული „ქართული ოცნება“. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი 12 პუნქტის უპირობო და რეალური შესრულება. პრორუსული ქართული ოცნება კი, არათუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, რომლებიც პირიქით, გვაშორებს კანდიდატის სტატუსს და გვიკლავს ყველანაირ ევროპულ პერსპექტივას: a – მურუსიძისა და გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეყვანა, რაც ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების შესახებ მუხლს და 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას; b – ე.წ. დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონის გადმოღება, რომელზეც წინასწარ ცნობილია, რომ არ ჩაითვლება დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის შესრულებად; c – ბუტაფორიული ახალი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა, რომელზეც ასევე წინასწარაა ცნობილი, რომ არ ჩაითვლება შესაბამისი პუნქტის შესრულებად; d – ნიკა გვარამიას ციხეში ჩასმა, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი და პლურალისტული მედია გარემოს შესახებ არსებულ პუნქტს და სხვა;
ფაქტია, რომ პარტიული ინტერესებით მოქმედი ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ ახერხებს შესთავაზოს გამოსავალი მოსახლეობას, მათ შორის ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად, რადგან გაუგებარია, როგორ შეძლებს ესა თუ ის პარტია ინდივიდუალურად პრორუსული რეჟიმის დამარცხებას, ძალაუფლების მოპოვებას და ამ პრობლემების მოგვარებას. ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციური ფლანგის სწრაფი კონსოლიდაციაა. წინასაარჩევნოდ, სამი ან ოთხი თვით ადრე ხელოვნური გაერთიანება, გამოიწვევს პროცესისადმი უნდობლობას და ივანიშვილის მმართველობის გახანგძლივებას. სინამდვილეში, არანაირი კვლევა არაა საჭირო იმისთვის, რომ დავინახოთ სად ვართ. საკმარისია გავესაუბროთ ქუჩაში გამვლელებს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები დასავლეთში, ჩვენგან ელოდებიან ერთობას, პირადი ინტერესების გვერდზე გადადებას, პასუხისმგებლობის აღებას და ხელისუფლების ცვლილებას. ერთობა, ეს არის ფორმულა, რომელიც ამარცხებს პრორუსულ რეჟიმს, აერთიანებს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და გარანტირებულად მოაპოვებინებს ქვეყანას კანდიდატის სტატუსს“,- აღნიშნულია სამი პარტიის ერთობლივ განცხადებაში.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა.