IRI-ის კვლევა - გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს მეტი ახალგაზრდის მონაწილეობას პოლიტიკაში
IRI-ის კვლევა - გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს მეტი ახალგაზრდის მონაწილეობას პოლიტიკაში

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევაში შეკითხვა დასვა ახალგაზრდების პოლიტიკაში მონაწილეობასა და 2024 წლის არჩევნებზე მათ პოზიციასთან დაკავშირებით, აპირებენ თუ არა ისინი კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლას.

შეკითხვა, აპირებთ თუ არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას, დაისვა 18-დან 29 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში.

გამოკითხულთა 63% პასუხობს, რომ მტკიცედ აპირებს არჩევნებზე ხმის მიცემას, 15% – ნაწილობრივ აპირებს, 4% – მტკიცედ არ აპირებს ხმის მიცემას, 12% – ნაწილობრივ არ აპირებს ხმის მიცემას, 5%-მა უარი განაცხადა პასუხზე.

ამასთან, კითხვაზე – „თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა უფრო მეტი ახალგაზრდა ქართულ პოლიტიკაში?“ – გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს მეტი ახალგაზრდის მონაწილეობას პოლიტიკაში.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.