IRI-ის კვლევა - გამოკითხულთა 50%-ზე მეტი ფიქრობს, რომ პოლიტიკოსებს ქვეყანა პოლარიზაციისკენ მიჰყავთ
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევაში გამოკითხულ ინტერვიუერებს შეკითხვა დაუსვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით და სთხოვა პოლიტიკური სპექტრის ქმედებების შეფასება.
შეკითხვაზე, რას იტყოდით, პოლიტიკოსებს ქვეყანა კონსენსუსისკენ მიჰყავთ თუ უფრო მეტი პოლარიზაციისკენ, გამოკითხულთა 33% ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები კონსენსუსის მისაღწევად მუშაობენ, 51% ფიქრობს, რომ პოლარიზაციისკენ მიჰყავთ პოლიტიკოსებს ქვეყანა, 16%-ს პასუხი არ აქვს ან არ პასუხობს შეკითხვას.
ამასთან, კვლევაში კითხვა დაისვა დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებითაც. კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ დემოკრატია ჩვენი ქვეყნის მმართველობის საუკეთესო ფორმაა, პოზიტიური პასუხი აქვს გამოკითხულთა 74%-ს.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.