ირანული მედიის ცნობით, უკრაინისა და ირანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
უკრაინისა და ირანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.
ჰასან რუჰანიმ და ვლადიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დროს უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფაზე ისაუბრეს.
ამასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ ავიაკატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე, ირანის არმიამ სამგზავრო ავიარეისების შეჩერება ითხოვა. ამის შესახებ „რევოლუციიის გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა, ამირ ალი ხაჯიზადემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ამირ ალი ხაჯიზადემ აღნიშნა, მათი მოთხოვნა რიგი მიზეზების გამო არ შესრულდა.
„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
დღეს ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა შემთხვევით ჩამოაგდეს.