ირანში, ტერაქტის მსხვერპლთა დაკრძალვის ცერემონიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-სა და ისრაელს „გამანადგურებელი პასუხით“ ემუქრება. ჰოსეინ სალამი აშშ-სა და ისრაელს ქალაქ აჰვაზში სამხედრო აღლუმისას მომხდარ ტერქტთან კავშირში ადანაშაულებს.
„თქვენ უკვე გინახავთ ჩვენი შურისძიება. ნახავთ, რომ ჩვენი პასუხი იქნება გამანადგურებელი და თქვენ ინანებთ, რაც ჩაიდინეთ“, – განაცხადა ჰოსეინ სალამიმ ტერაქტის დროს გარდაცვლილთა დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აჰვაზში ტერაქტის მსხვერპლთა დაკრძალვის ცერემონიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, შეკრებილთა ნაწილი სკანდირებდა „სიკვდილი ისრაელსა და ამერიკას“.
სამხედრო აღლუმზე 22 სექტემბერს ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმას 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 12 წევრი. გარდაცვლილებს შორის ოთხი წლის ბავშვიცაა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ირანის ხელისუფლებამ მომხდარში ამერიკის შეერთებული შტატები და მისი რეგიონული მოკავშირეები დაადანაშაულა. ვაშინგტონში ირანის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.
ირანის დაზვერვის მინისტრის განცხადებით, თავდასხმასთან დაკავშირებით უკვე გამოვლენილია ეჭვმიტანილების დიდი ქსელი, ასევე არიან დაკავებულები.