ირანში ერთ დღეში სიკვდილით 29 ადამიანი დასაჯეს.
ამის შესახებ „ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის“ ორგანიზაციაში განაცხადეს.
გაერო-ს ინფორმაციით, 2024 წელს ირანში სიკვდილით სულ 345 ადამიანი დასაჯეს, რომელთა შორისაც 15 ქალია.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ირანი ამ მეთოდს ადამიანების დაშინებისთვის იყენებს, რაც 2022 წლის პროტესტებს უკავშირდება, როდესაც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა.
უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ირანში სიკვდილით იმაზე მეტ ადამიანს სჯიან, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ჩინეთის გარდა.
„თუ საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივი რეაგირება არ ექნება, უახლოეს თვეებში ათასობით ადამიანი, შესაძლოა, გახდეს ირანის ისლამური რესპუბლიკის სიკვდილის მანქანის მსხვერპლი“, – განაცხადა „ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის“ ორგანიზაციის დირექტორმა, მაჰმუდ ამირი-მოგადამ.
ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, ირანში სიკვდილით ამგვარი მასშტაბური დასჯა უპრეცედენტოა და 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა.
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა 34 წლის გოლამრეზა რასაის სიკვდილით დასჯა დაგმეს, რომელიც 2022 წლის საპროტესტო გამოსვლების დროს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგის მკვლელობისთვის დააკავეს. თუმცა მაშინდელი აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ რასაის ჩვენება წამების შედეგად მიიღეს. რასაის სიკვდილით დასჯა ფარულად მოხდა, რის შესახებაც წინასწარი ინფორმაცია არც მის ოჯახს და არც ადვოკატს ჰქონდათ. აღინიშნება, რომ ოჯახი იძულებული გახდა, 34 წლის მამაკაცი სახლიდან შორს დაეკრძალათ.