ირანში შექსპირის პიესის დადგმისთვის თეატრის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს
ირანში თეატრის თანამშრომლები შექსპირის პიესის დადგმისთვის დააკავეს. „ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, საქმე ეხება სპექტაკლს „ზაფხულის ღამის სიზმარი“. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სპექტაკლი ისლამური რესპუბლიკის კანონებს ეწინააღმდეგება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულია დადგმის რეჟისორი მარიამ კაზემი და მენეჯერი საიდ ასადი.
თეატრის თანამშრომლები მას შემდეგ დააკავეს, რაც ინტერნეტით სპექტაკლის ამსახველი ვიდეორგოლები გავრცელდა. ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ ემზადებიან მსახიობები სპექტაკლისთვის.
კულტურის სამინისტროში განმარტეს, რომ მოგვიანებით, კანონდამრღვევები 24 ათასი დოლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.