ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს, 28 დეკემბრიდან დღემდე, სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, 460 კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება,- ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე მონაცემებით, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება 400-ზე მეტი დაკავებული.
ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, არეულობის დროს დაკავებული ასობით ადამიანი გათავისუფლებულია.
როგორც თეირანის პროკურორმა აბას ჯაფარი დოლათაბადიმ განაცხადა, მხოლოდ დედაქალაქში გაათავისუფლეს 440 „მეამბოხე“. თეირანში დაკავებული რჩება კიდევ 55 ადამიანი.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ირანელმა რეფორმისტმა კანონმდებელმა მაჰმუდ სადეგიმ განაცხადა, რომ არეულობის დროს სხვადასხვა ქალაქში სულ 3700 ადამიანი დააკავეს.
ირანში ანტისამთავრობო აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. მიზეზი პროდუქტებზე გაზრდილი ფასი იყო. თავდაპირველად, საპროტესტო აქციები მშვიდობიანი იყო, მოგვიანებით კი დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხელისუფლებამ დემონსტრაციების ორგანიზებაში “ირანის რევოლუციის მოწინააღმდეგეები” და “უცხოეთის ჯაშუშები” დაადანაშაულა. 3 იანვარს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მთავარსარდალმა, გენერალმა მუჰამედ ალი ჯაფარიმ არეულობის დასრულებისა და ამბოხებულების დამარცხების შესახებ განაცხადა.