ირანში, საპროტესტო აქციების გამო, სურსათის ბაზარი დახურულია. მოქალაქეები ეროვნული ვალუტის დევალვაციასა და ფასების ზრდას აპროტესტებენ.
ათობით მაღაზია დახურულია, ცარიელია მოვაჭრეთა დახლები. პროტესტის მონაწილეები ქუჩებში გავიდნენ და აქციის გამართვა პარლამენტთან სცადეს. მათ წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.
ირანის ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ირანის „ბირთვული შეთანხმების“ შესაძლო ჩაშლას, აშშ-ის მიერ ამ ხელშეკრულებიდან გასვლას და ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ხელახლა ამოქმედებას უკავშირდება. შეზღუდვები ძალაში აგვისტოდან უნდა შევიდეს.
ერთი დოლარის ღირებულება დღეს ირანში 90 000 რეალს აღწევს, მაშინ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ „ბირთვული შეთანხმების“ დატოვებამდე 1 დოლარის ფასი 65 000 რეალი იყო.