ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება.
როგორც „როიტერი“ წერს, საბოლოო შედეგი ხვალ გახდება ცნობილი, თუმცა შესაძლოა, პირველადი შედეგები უფრო ადრეც გამოცხადდეს.
ირანელ ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა თავი შეიკავა პირველ ტურში ხმის მიცემისგან.
როგორც ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, ჩანს, რომ „ხალხის მონდომება და ინტერესი უფრო მაღალია, ვიდრე პირველ ტურში, დაე, ასე იყოს, რადგან ეს იქნება სასიხარულო ამბავი“.
ირანში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ივნისს ჩატარდა, რომელშიც ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა ვერ მოიპოვა. მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი – მასუდ პეზეშკიანი და საიდ ჯალილი გავიდნენ.