ირანში სახელმწიფო ტელევიზიის სამმა ჟურნალისტმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და სამსახური დატოვა
ირანში სახელმწიფო ტელევიზიის სამმა წამყვანმა სამსახური დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა, გელარე ჯაბარიმ საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამიდან“ ამცნო და მაყურებელს ბოდიში მოუხადა, რომ „13 წლის განმავლობაში ატყუებდა“. თუმცა მოგვიანებით პოსტი სავარაუდოდ, წაიშალა.
„ჩემთვის ძალიან რთული იყო იმის დაჯერება, რომ ჩვენი ხალხი მოკლეს. მაპატიეთ, რომ ეს გვიან გავიგე. მაპატიეთ, რომ 13 წლის განმავლობაში გატყუებდით“, – წერდა ტელეწამყვანი „გარდიანის“ ცნობით.
სამსახური ასევე დატოვეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლის (IRIB) ორმა წამყვანმა. „მადლობა, რომ დღემდე როგორც წამყვანს მიღებდით. მე არასდროს დავბრუნდები ტელევიზიაზე. მაპატიეთ“, – აღნიშნა ზაჰრა ხათამიმ.
„მადლობა ჩემი კარიერის განმავლობაში მხარდაჭერისთვის. რადიოსა და ტელევიზიაში 21-წლიანი მუშაობის შემდეგ, მე ვეღარ გავაგრძელებ მუშაობას მედიაში. მე არ შემიძლია“, – აღნიშნავს ზაჰრა ხატამის კოლეგა საბა რადი.
შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინის ავიახაზების სამგზავრო ავიალაინერი სამხედროებმა შეცდომით ჩამოაგდეს.