ირანში მე-12 მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა ასევე ირჩევს ირანის ექსპერტთა ასამბლეის წევრებს.
290-მანდატიან პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად 15 200 კანდიდატი იბრძვის. მათგან მხოლოდ 30-ია ე.წ. რეფორმისტთა ბანაკიდან. უმრავლესობის მოსაპოვებლად 146 მანდატია საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ირანში პრეზიდენტობის, დეპუტატობისა და ექსპერტთა ასამბლეის წევრობის მსურველი პირები კანდიდატებად მეურვეთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რომელიც სასულიერო პირებისა და იურისტებისგან შემდგარი ორგანოა, რომელთაც, თავის მხრივ, სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ნიშნავს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათისთვის დაიხურება.
არჩევანი ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ.
წინასწარი შეფასებით, არჩევნებზე დაბალ აქტივობას ელოდებიან. დედაქალაქ თეირანში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დაახლოებით 23.5%-ს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით – 38.5%-მდე. არჩევნების საბოლოო შედეგები კი, შესაძლოა, მხოლოდ სამი დღის შემდეგ გახდეს ცნობილი.