ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ნაზანინ ზაღარი-რატკლიფი ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს
ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, ირანული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე, ნაზანინ ზაღარი-რატკლიფი ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დაკავებულის მეუღლის, რიჩარდ რატკლიფის განაცხადებით, ნაზანინ ზაღარი-რატკლიფი თეირანის საავადმყოფოში რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გადაიყვანა და ოჯახი შიშობს, რომ ის იზოლირებულია.
გასულ თვეში ნაზანინმა მისი დაკავება 15-დღიანი შიმშილობით გააპროტესტა. დაკავებულის მამა ამბობს, რომ 16 ივლისს შვილის მოსანახულებლად საავადმყოფოში მივიდა, თუმცა მისი ნახვის უფლება არ მისცეს და არც თავად დაკავებულს არ აძლევენ ოჯახთან კონტაქტის საშუალებას.
ნაზანინ ზაღარი-რატკლიფი თეირანის აეროპორტში 2016 წელს დააკავეს.