ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი გაამკაცრეს
ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი გაამკაცრეს

ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი გაამკაცრეს. გადაწყვეტილება ირანის რესპუბლიკის პარლამენტის კომისიამ მიიღო.

შემდეგ ეტაპზე კანონი კონსტიტუციის დამცველთა საბჭოს გადაეცემა განსახილველად.

როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ იუწყება, კანონპროექტი 70 მუხლისგან შედგება, რომელიც ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში, უფრო მკაცრ ფინანსურ სასჯელთან ერთად, პატიმრობის უფრო ხანგრძლივ ვადასაც ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქალს ათი დღიდან ორ თვემდე პატიმრობა ან 50-დან 500 ათასამადე ირანული რიალის (ერთიდან ათ ევრომდე) ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრება.

ახალი კანონპროექტით კი, ამავე დანაშაულისთვის პატიმრობის ვადა – ხუთიდან 10 წლამდე, ხოლო ჯარიმა 360 მილიონი ირანული რიალი (7 800 ევრო) იქნება.

ცნობისთვის, კანონის გამკაცრება ირანში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2022 წელს ირანში მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაპატიმრებული მაჰსა ამინის გარდაცვალებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ხელისუფლებამ აქციები ძალის გამოყენებით ჩაახში. რამდენიმე აქტივისტი სიკვდილით დასაჯეს.