ეკონომიკური პრობლემების გამო ირანის ოთხ ქალაქში მოსახლეობამ საპროტესტო აქციები გამართა. ირანული გამოცემა IRNA-ს ინფორმაციით, ფარსის პროვინციის ქალაქ შირაზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა ამ დროისთვის ქალაქის ქუჩებში სიმშვიდეა.
ირანული მედიის ცნობით, საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ქალაქ მეშხედში, ისპაჰანსა და კარაჯში. მოსახლეობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებასაც აპროტესტებს. ერთი დოლარი 100 ათასი ირანული რიალი ღირს. ირანული ვალუტა მარტის შემდეგ 50%-ითაა გაუფასურებული.
ირანში ეკონომიკური პრობლემები მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და ირანს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონი ახალი სანქციების დაწესებას აგვისტოში გეგმავს.