ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად ბევრი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 200 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 11 931 შეადგინა.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კორონავირუსი დაუდასტურდა 2 637 ადამიანს. სულ გამოვლენილია ინფიცირების 245 688 შემთხვევა. აქედან 207 ათასზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვითარების არასათანადოდ შეფასება უკიდურესად საშიშია.
„მე არაერთხელ მივმართე ჩვენს ხალხს, რომ სიტუაციის არასათანადოდ შეფასება უკიდურესად საშიშია. სამწუხაროდ, ჩვენი თხოვნა არ იქნა შესმენილი, ვიდრე ჩვენ მეორე ტალღა არ დაგვატყდა“, – განაცხადა ირანის ჯანდაცვის მინისტრმა, საედ ნამაკიმ.
შეგახსენებთ, ირანმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა 11 აპრილს დაიწყო. შეზღუდვების მოხსნის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში ინფიცირების მაჩვენებელმა ქვეყანაში კვლავ ზრდა დაიწყო.