ირანში ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ადამიანი დააკავეს
ირანში ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ადამიანი დააკავეს. შესაბამის ინფორმაციას ირანული სააგენტო „ისნა“ ქვეყნის პარლამენტის სპიკერის მრჩეველზე, ჰუსეინ ამირ-აბდულაჰიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ მკვლელობის შემსრულებლები, რომელთაგან ზოგიერთი უსაფრთხოების ძალების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია და დაკავებულიც კი, სამართალს ვერ გაექცევიან“, – განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერის მრჩეველმა.
ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერ მოჰსენ ფახრიზადეზე 27 ნოემბერს თეირანის მახლობლად განხორციელდა თავდასხმა. ირანმა მეცნიერის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა.
ამირ-აბდულაჰიანის თქმით, ისრაელი მეცნიერზე თავდასხმას ამერიკული სპეცსამსახურების დახმარების გარეშე ვერ განახორციელებდა.