ირანი აცხადებს, რომ ურანის 60 %-მდე გამდიდრებას დაიწყებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, აბას არაქჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, ნათანზის ბირთვულ სადგურზე ირანი ასევე გეგმავს ათასი თანამედროვე ცენტრიფუგის ამოქმედებას.
ნათანზის პირველ ობიექტზე გასულ კვირას აფეთქება მოხდა, რაც თეირანმა ისრაელის მხრიდან საბოტაჟის აქტად შეაფასა.
„ამ ღამიდან ნათანზში დაიწყება ურანის 60%-მდე გამდიდრებისთვის პრაქტიკული სამზადისი; 60%-მდე გამდიდრებული ურანის გამოყენება რადიოფარმაცევტული პრეპარატების დასამზადებლად მოხდება“, – ნათქვამია სააგენტო „ფარსის“ მიერ გავრცელებულ ირანის ბირთვული სააგენტოს პრესსპიკერის განცხადებაში.
ურანის გამდიდრების გადაწყვეტილება ირანმა უკვე აცნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს. აღნიშნულ თემას გამოეხმაურნენ ვაშინგტონშიც. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ირანის განცხადებას პროვოკაციული უწოდა.
ამ დრომდე ირანში ურანის გამდიდრება 20%-მდე ხდება. გასულ კვირას ირანმა და საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების მონაწილეებმა ვენაში მოლაპარაკებები გამართეს, რაც მათ შეაფასეს როგორც კონსტრუქციული. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენაა. ხელშეკრულება ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ თეირანისთვის საერთაშორისო სანქციების გაუქმებას ითვალისწინებდა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბირთვული შეთანხმებიდან 2018 წელს გავიდა და ირანს სანქციები აღუდგინა, საპასუხოდ ირანმა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.