ირანში აცხადებენ, რომ სომხეთთან ირანის ჩვეულებრივი მეზობლური შეხვედრების გამო ბაქოს შეშფოთების მიზეზები გაუგებარია
ირანში აცხადებენ, რომ სომხეთთან ირანის ჩვეულებრივი მეზობლური შეხვედრების გამო ბაქოს შეშფოთების მიზეზები გაუგებარია

სომხეთთან ირანის ჩვეულებრივი მეზობლური შეხვედრების გამო ბაქოს შეშფოთების მიზეზები გაუგებარია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ კანაანიმ განაცხადა.

ირანელი დიპლომატის თქმით, თითქმის ორი წელია, აზერბაიჯანისა და სომხეთის ოფიციალური პირები ატარებენ ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკურ, სამხედრო და უსაფრთხოების დონეზე მუდმივი მშვიდობისა და შერიგების გზაზე, რასაც ირანი მხარს უჭერს.

„ჩვენი პრინციპული პოლიტიკა ემყარება კეთილმეზობლობას და ყველა მეზობელთან ურთიერთობების გაფართოებას. მეზობელთან კავშირების განმტკიცება არ ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობები სხვა მეზობლის წინააღმდეგაა. ირანის ისლამური რესპუბლიკა მუდმივად ხაზს უსვამს სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და მათი უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარებას უფლებების პატივისცემით და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. სწორედ ამიტომ, ირანმა დაგმო აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია და უმაღლეს დონეზე მხარი დაუჭირა მათ გათავისუფლებას“, – განაცხადა ნასერ კანაანიმ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებზე ბოლო წვრთნები რუტინულ და წინასწარ დაგეგმილ ნაბიჯად შეაფასა, რის შესახებაც მეზობლები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული ოფიციალური არხებით.

მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს არავისი ეშინია და ასე რომ იყოს, ყარაბაღის მეორე ომს არ დაიწყებდა.

„ჩვენმა არმიამ გამოიჩინა გმირობა, პროფესიონალიზმი და თავდადება. თუ საჭირო იქნება, ამას კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ და მივაღწევთ იმას, რაც გვინდა. ეს ყველამ იცის, ეს უნდა იცოდნენ მათ, ვინც ჩვენს საზღვარზე სომხეთის მხარდასაჭერად საბრძოლო წვრთნებს ატარებენ. ვერავინ შეგვაშინებს“, – განაცხადა ალიევმა.

17 ოქტომბერს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყეს. მანევრები, კოდური სახელწოდებით „ძალა“ ჩატარდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია არასის რეგიონში. 4 ოქტომბერს რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების სარდალმა, რამაზან ზირაჰიმ აზერბაიჯანს უწოდა რეგიონის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ირანის მტრები თავს აფარებენ.