ირანში აცხადებენ, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ რაიმე თავდასხმაში თუ ჩაერთვება, სპარსეთის ყურის რეგიონში მისი ბაზები განადგურდება
აშშ ირანის წინააღმდეგ რაიმე თავდასხმაში თუ ჩაერთვება, სპარსეთის ყურის რეგიონში მისი ბაზები და ის რეჟიმები, რომლებიც მასპინძლობენ აშშ-ის ბაზებს, განადგურდება, – ამის შესახებ ბირთვულ მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციის მრჩეველმა, მოჰამად მარანდიმ განაცხადა.
მარანდის თქმით, ამერიკელები ირანს თუ დაარტყამენ, ნავთობით და გაზით მდიდარი პატარა რეჟიმები პასუხისმგებელნი იქნებიან, რადგან მასპინძლობენ ამერიკულ ბაზებს და პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.
ირანის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ასეთი სცენარი მსოფლიოს ეკონომიკის ჩამოშლას გამოიწვევს და ყველამ უკვე ნახა, რა ხდება დღეს მსოფლიო საფონდო ბაზარზე.
„სინამდვილეში, ირანს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ დაარტყას ისრაელს, მიუხედავად იმისა, რომ ირანს არ სურს რეგიონული ომი. რასაც არ უნდა აკეთებდეს ისრაელის რეჟიმი, ვაშინგტონის რეჟიმი დაიცავს მას, ევროპის რეჟიმები დაიცავენ მას. რეგიონში არავის, გარდა ნეთანიაჰუს და მის გარშემო მყოფი ადამიანებისა, არ სურს ესკალაცია. ესკალაცია შეიძლება ნიშნავდეს გლობალური ეკონომიკის დასასრულს“, – განაცხადა მოჰამაგ მარანდიმ.