ირანში 40 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს აღნიშნავენ
ირანში 40 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს აღნიშნავენ

თეირანში 40 წლის წინ განვითარებულ იმ მოვლენებს აღნიშნავენ, როდესაც ირანში აშშ-ის საელჩო სტუდენტებმა დაიკავეს. ირანის დედაქალაქში, აშშ-ის ყოფილი საელჩოს შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები აშშ-ის და ისრაელის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ და მათი დროშები დაწვეს.

სტუდენტების აქციაზე განცხადება გააკეთა ირანის სულიერმა ლიდერმა. აიათოლა ალი ხამენეის თქმით, აშშ-სთან ირანის დავას საფუძველი 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების დროს ჩაეყარა, რომელსაც აშშ-ისა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები ხელმძღვანელობდნენ.

ირანში აშშ-ის საელჩო ასობით სტუდენტმა 1979 წლის 4 ნოემბერს დაიკავა. აღნიშნული შემთხვევა ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ცხრა თვეში მოხდა. დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში შეჭრილმა სტუდენტებმა მაშინ საელჩოს 66 თანამშრომელი დააკავეს. ირანული მედია წერს, რომ შენობიდან ქალები, აფრიკული წარმოშობის ამერიკელები და ერთი მძიმე ავადმყოფი მამაკაცი გაათავისუფლეს, დანარჩენი 52 ადამიანი კი საელჩოს ტერიტორიაზე 444 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

ინციდენტი თეირანსა და ვაშინგტონს შორის მწვავე პოლიტიკურ წინააღმდეგობაში გადაიზარდა. დაკავებულების გათავისუფლება ალჟირის შუამდგომლობით მოხდა.