ირანმა კოსმოსში კვლევებისთვის სამი აპარატი გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
ირანის თავდაცვის უწყებაში არ განმარტეს, მიაღწიეს თუ არა აპარატებმა ორბიტას. თუმცა, როგორც თეირანში აცხადებენ, აპარატების კოსმოსში გაშვება წინ უსწრებს ირანული თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანის მცდელობას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ირანის მიერ კოსმოსში აპარატების გაშვების შესახებ ინფორმაცია აქვთ და შეშფოთებულები არიან, რადგან ამ სფეროში ცდებმა შეიძლება, ხელი შეუწყოს ბალისტიკური პროგრამის განვითარებას.
ამასთან, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ აშშ ცდილობს, რომ მხარეები 2015 წელს გაფორმებული ე.წ. ბირთვული შეთანხმების შესრულებას დაუბრუნდნენ.
აშშ-მა ირანის კოსმოსურ სააგენტოს და ორ კვლევით ორგანიზაციას სანქციები 2019 წელს დაუწესა. თეთრ სახლში ამტკიცებენ, რომ ეს ორგანიზაციები თეირანის ბალისტიკური რაკეტების წინ წაწევას ემსახურებიან.