ირანმა „ბირთვული შეთანხმების“ შესახებ ახალ მოლაპარაკებებზე უარი თქვა
ირანი „ბირთვული შეთანხმების“ შესახებ ახალი მოლაპარაკებების გამართვის წინააღმდეგია. ამის შესახებ განცხადება ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„ბირთვული შეთანხმება, ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერ სხვა ასპექტი გადახედვას ან განხილვას არ ექვემდებარება“ – აცხადებს ირანის პრეზიდენტი. მისივე თქმით, თეირანი არ დაეთანხმება და არ მიიღებს შეზღუდვებს, რომლებიც ადრე აღებულ ვალდებულებებს სცდება.
ელისეის სასახლეში თავის მხრივ ამბობენ, რომ მზად არიან ირანთან იმუშაონ, რათა აღნიშნულ პრობლემაზე არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდეს.
მანამდე საფრანგეთის ლიდერმა არ გამორიცხა ირანთან გაფორმებულ „ბირთვულ შეთანხმებაში“ ახალი კომპონენტების დამატება. ამის შესახებ მან აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა. მაკრონი ამ დიალოგში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, ასევე რუსეთის და თურქეთის ჩართვის ინიციატივითაც გამოვიდა. კერძოდ ემანუელ მაკრონი საუბრობდა „ახალ შეთანხმებაზე“, რომლის მიხედვითაც ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება 2025 წლამდე გახდებოდა შესაძლებელი. ასევე, საუბარი იქნებოდა თეირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეკავებაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან 2015 წელს გაფორმებული შეთანხმების გადახედვა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელშეკრულების გაწყვეტით დაიმუქრა. ტრამპმა გადაწყვეტილება 12 მაისამდე უნდა მიიღოს.