ირანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
კავკასიაში უცხოური ძალების ყოფნა რეგიონული ქვეყნების საერთო შეშფოთების საგანია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ირანი ეწინააღმდეგება რეგიონში უცხო ძალების განთავსებას. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ბოლო პერიოდში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა და ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ირანის მხარდაჭერა ქვეყნის მუდმივ პოლიტიკად შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები 2020 წლიდან განლაგდნენ.
მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი, პრაღაში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისია გაიგზავნება, რომლის მიზანიც, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, სომხეთის დახმარება იქნება.