ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„გამოვაცხადე ხუთდღიანი სახალხო გლოვა, ვუსამძიმრებ ირანის ძვირფას ხალხს“, – განაცხადა ხამენეიმ.
მომდევნო 50 დღის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი შეასრულებს. სავარაუდოდ, 50 დღის შემდეგ კი ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ინფორმაცია რამდენიმე საათს წინ დაადასტურა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. მანამდე, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ვერტმფრენში, პრეზიდენტის გარდა, რვა პირი იმყოფებოდა, მათ შორის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი.