ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი - რეგიონში უსაფრთხოება რეგიონის ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, არარეგიონული ძალების ყოფნა ეწინააღმდეგება რეგიონის მშვიდობას
რეგიონში უსაფრთხოება რეგიონის ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, არარეგიონული ძალების არსებობა კი ეწინააღმდეგება რეგიონის მშვიდობას, – ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა მოჰამად ჰოსეინ ბაღერიმ თეირანში, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელთან, არმენ გრიგორიანთან შეხვედრისას განაცხადა.
ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ბოლო დროს სომხეთში აშშ-ის სამხედროების მონაწილეობით წვრთნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არარეგიონული ძალების არსებობა არასტაბილურობას გამოიწვევს.
ჰოსეინ ბაღერიმ აღნიშნა, რომ რეგიონში დაძაბულობის გაგრძელება არ არის სომხეთის, აზერბაიჯანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესებში. ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა გამოხატა მზადყოფნა, რომ ხელისუფლებამ გაგზავნოს დამკვირვებლები სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე.
არმენ გრიგორიანი ასევე შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანს.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 3+3 ფორმატი არის ეფექტური მექანიზმი რეგიონული საკითხების გადასაწყვეტად არარეგიონული ძალების ჩარევის გარეშე.