ირანის შაჰის მემკვიდრე - ირანელი ხალხი არსებულმა რეჟიმმა გააუბედურა
ირანელი ხალხი ტოტალიტარულმა რეჟიმმა დაღალა და გააუბედურა, – ასე შეაფასა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ირანში მიმდინარე პროცესები ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრემ რეზა ფეჰლევმა.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-თვის მიცემულ ინტერვიუში ირანის შაჰის ტახტის მემკვიდრემ აღნიშნა, რომ ისლამურმა რევოლუციამ ირანს ტანჯვის მეტი არაფერი მოუტანა. მან ირანელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთი ირანელებს არ მიატოვებს.
„ვუსმენდი ქალბატონ ნიკი ჰეილის და პრეზიდენტ ტრამპს და იმედი მომეცა, რომ დასავლეთი არ მიგვატოვებს. პირველ პირში ვსაუბრობ, რადგან მეც ირანელი ვარ და ჩემი ხალხის გვერდით ვდგავარ. მე წლებია შორიდან ვადევნებ თვალს, რა დღეში ჩააგდო რეჟიმმა ირანის საშუალო ფენა, რა დღეში ჩააგდო ქვეყანა, რომელსაც რეგიონში უდიდესი პოტენციალითა და რესურსით გამოირჩევა“, – განაცხადა ფეჰლევმა.
მისივე თქმით, ირანელი ხალხი თეოკრატიული რეჟიმის ფარგლებში არსებულ რეჟიმს არ შეეგუება.
რეზა ფეჰლევმა ინტერვიუს დროს საკუთარ ხალხს მიმართა:
„მე ვამაყობ იმით, რომ ირანელი ვარ და მჯერა, რომ ირანელი ხალხი აღარ შეეგუება ამ სისტემას. მათ იციან, რომ მშვიდობიანად რეჟიმის ცვლილება არ მოხდება, ამისთვის ბრძოლაა საჭირო. აიათოლამ ირანელ ახალგაზრდებს მომავალი წაართვა და მათ ეს მომავალი უნდა დაიბრუნონ.“ – განაცხადა ირანის შაჰის მემკვიდრემ.
წარმოშობით აზერბაიჯანელი ფარაჰ დიბას და შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევის უფროსი შვილი რეზა ფეჰლევი 1960 წელს დაიბადა. მისმა ოჯახმა ირანი ისლამური რევოლუციის პერიოდში, 1979 წლის იანვარში დატოვა. მათ თავშესაფარი ეგვიპტის მთავრობამ მისცა.
ირანის ტახტის უკანასკნელი მემკვიდრე ბოლო 20 წელია ვაშინგტონში ცხოვრობს, მისი უმცროსი და ფარაჰნაზ ფეჰლევი კი ნიუ-იორკში. ირანის შაჰის განდევნილი ოჯახიდან დღეს ცოცხალი მხოლოდ რეზა და ფარაჰნაზ ფეჰლევები არიან. ირანის პრინცესა ლეილა ფეჰლევი 2001 წელს, 31 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა. მისი ცხედარი სასტუმროს ნომერში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი დღემდე უცნობია. ირანის განდევნილი შაჰის მეორე ვაჟმა ალი რეზა ფეჰლევმა კი 6 წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი ბოსტონში ცხოვრობდა.
ფეჰლევების დინასტია ირანს 1925-1978 წლებში მართავდა.