ირანის საკითხში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად ბრაიან ჰუკი დაინიშნა
ირანის საკითხში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენლად ბრაიან ჰუკი დაინიშნა. პოლიტიკური დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
ბრაიან ჰუკი ირანის საკითხში ასევე ახლად დაარსებულ სამოქმედო ჯგუფს უხელმძღვანელებს. დიპლომატებით დაკომპლექტებული სამოქმედო ჯგუფი ირანთან მიმართებით სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებებზე იქნება პასუხისმგებელი.
თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, დიპლომატმა პირველი განცხადების დროს აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმი ძალადობისა და არასტაბილურობის ძალად იქცა. ახალი სამოქმედო ჯგუფის სტრატეგია კი ისლამური რესპუბლიკის მხრიდან არსებული ყველა საფრთხის აღმოფხვრა იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული ისტორიული შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. ცოტა ხნის წინ კი ოფიციალურმა ვაშინგტონმა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იმ სანქციების ნაწილი განაახლა, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა. ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ აკრძალვების პაკეტის გაფართოებას გეგმავს.