ირანის სახელმწიფო მედია მთავრობის მხარდამჭერი მიტინგების შესახებ იუწყება
ირანის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ტელევიზიის მიერ ნაჩვენებ კადრებში ირანის სხვადასხვა ქალაქში გამართული დემონსტრაციები იყო ნაჩვენები. მომიტინგეები აშშ-ის, საუდის არაბეთისა და ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ირანის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს სამი ქვეყანა არის ირანში გამართული მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორი.
მათივე მტკიცებით, ეს ქვეყნები აფინანსებენ აქციების მონაწილეებს და იარაღსაც აწვდიან.
სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, თეირანში ანტისამთავრობო მიტინგები გუშინ ღამითაც გაგრძელდა, თუმცა მთავრობა ამ ცნობას არ ადასტურებს.
მანამდე ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მრავალათასიანი აქციების დროს დაიღუპა 21 ადამიანი.
ოფიციალური ცნობით, ბოლო სამ დღეში თეირანში 450 მოქალაქე დააკავეს.