ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი - აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აცნობა ირანს, რომ არ აპირებენ სამხედრო თავდასხმას სომხეთზე
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აცნობა ირანს, რომ არ აპირებენ სამხედრო თავდასხმის განხორციელებას სომხეთზე, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, თეირანი საერთაშორისო საზღვრების ცვლილებას ეწინააღმდეგება.
„ჩვენ კონტაქტზე ვართ, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის ხელისუფლებასთან და სომხეთის ხელისუფლებამ გამოთქვა შეშფოთება აზერბაიჯანის მხრიდან ახალი სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობის გამო. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აცნობა ირანს, რომ ისინი არ აპირებენ სამხედრო თავდასხმის განხორციელებას და ბოლო მოძრაობები ჩვეულებრივი სამხედრო ქმედებაა ზამთრის სეზონის წინა პერიოდში. ყარაბაღი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაწილია, ამ რეგიონის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული კონკრეტულ ჩარჩოში და ეს არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია. ირანი ყოველთვის ხაზს უსვამდა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობას და ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო საზღვრების ნებისმიერ ცვლილებას“, – განაცხადა ნასერ ყანაანიმ.