ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - ევროპა გაცილებით აქტიური უნდა იყოს რეგიონში მშვიდობის მოსაპოვებლად
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - ევროპა გაცილებით აქტიური უნდა იყოს რეგიონში მშვიდობის მოსაპოვებლად

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასადგურებისთვის გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია. მუჰამედ ჯავად ზარიფმა აღნიშნულ საკითხზე „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ისლამური რესპუბლიკის დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპულმა გაერთიანებამ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება უნდა დაიწყოს.

„ჩვენ ევროკავშირისგან დაკისრებული ვალდებულებების სისრულეში მოყვანა გვინდა, არა მხოლოდ საუბრით, არამედ მოქმედებით. მათ შორის არის საბანკო, საინვესტიციო და სატრანსპორტო სექტორები. ვფიქრობ, ევროპა საკუთარ ძალას და ზეგავლენას ვერ აფასებს. ის გაცილებით აქტიური უნდა იყოს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მოპოვებისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მუჰამედ ჯავად ზარიფმა პარტნიორ სახელმწიფოებზეც ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთისა და სირიის მთავრობებთან კოორდინაციისთვის თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს. დიპლომატმა ამერიკის შეერთებულ შტატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებში ამერიკული იარაღის აღმოჩენა ამერიკელების დახმარებაზე მიუთითებს.

„ვფიქრობ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ტერორისტების წინააღმდეგ სირიელი ხალხი და მათთან ერთად მისი პარტნიორი სახელმწიფოები იბრძვიან“, – განაცხადა მუჰამედ ჯავად ზარიფმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის მორიგი გამწვავება ვაშინგტონის მიერ ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების დატოვებამ გამოიწვია, რის შემდეგაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა.