ირანის საგარეო უწყება - აშშ-მა ორმუზის სრუტის თავზე სავარაუდოდ, საკუთარი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-მა ორმუზის სრუტის თავზე სავარაუდოდ, საკუთარი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სეიედ აბას არაგჩის განცხადებით, თეირანს არც ერთი უპილოტო საფრენი აპარატი არ დაუკარგავს.
„ჩვენ არ დაგვიკარგავს არც ერთი უპილოტო საფრენი აპარატი არც ორმუზის სრუტეში და არც სხვაგან. ვშიშობ, რომ აშშ-ის ხომალდმა, „ბოქსერმა“ შეცდომით საკუთარი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო“, – აღნიშნა არაგჩიმ.
ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკულმა ხომალდმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბშიც გამოეხმაურნენ. გენშტაბის პრესსპიკერის, გენერალ აბოლფაზლ შეკარჩის განცხადებით, ირანის საკუთრებაში არსებული ყველა უპილოტო თვითმფრინავი სადაზვერვო და საკონტროლო მისიის შემდეგ ბაზაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანული საფრენი აპარატი ამერიკულ ხომალდ სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა, რის გამოც უპილოტო თვითმფრინავი განადგურდა.