ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის გავლით აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის დამაკავშირებელი გზის შესახებ ისაუბრეს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის გავლით აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის დამაკავშირებელი გზის შესახებ ისაუბრეს

ირანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანი უკვე შეუდგა ირანის გავლით ნახიჩავენში მიმავალი დერეფნის მოწყობას. ზანგილანის რაიონში უკვე გაიმართა საავტომობილო ხიდის მშენებლობისთვის და სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურის მოსაწყობისთვის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაც, რომელშიც ირანისა და აზერბაიჯანის ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ.

„ეს არ გახლავთ ახალი თემა. უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში ირანი სთავაზობდა აზერბაიჯანს დერეფანს თანამშრომლობისთვის ამ ჩარჩოს ფარგლებში, თუმცა რეგიონში შექმნილი ახალი პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია ახალი თანამშრომლობა ახალი გეოგრაფიის თვალსაზრისით და აზერბაიჯანმა ასევე წამოსწია ირანთან თანამშრომლობის საკითხი, რასაც ირანი მიესალმა“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნასარ ქანაანიმ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დერეფნების მოწყობისას უნდა იყოს დაცული ქვეყნების სუვერენიტეტი და საერთაშორისო კანონმდებლობაც.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ახალი დერეფანი გაზრდის ტვირთბრუნვას ირანის და აზერბაიჯანის გავლით და უზრუნველყოფს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებას.