ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე ბაჰრეინის გადაწყვეტილებას „სამარცხვინოს“ უწოდებს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე ბაჰრეინის გადაწყვეტილებას „სამარცხვინოს“ უწოდებს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ირანის საგარეო უწყების განცხადებას სახელმწიფო მედია ავრცელებს.
„ამიერიდან ბაჰრეინის მმართველები იქნებიან თანამონაწლეები სიონისტური რეჟიმის დანაშაულების, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს რეგიონისა და მთელი მუსლიმური მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი და ბაჰრეინი, აშშ-ის შუამავლობით, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ.
ბაჰრეინი უკვე მეორე არაბული სახელმწიფოა, რომელთანაც ისრაელმა ბოლო ერთ თვეში ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებას მიაღწია. მანამდე, ისრაელი, ასევე აშშ-ის შუამავლობით, ურთიერთობების ნორმალიზებაზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან შეთანხმდა.