ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მივმართავთ ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და პოლიციას, შეწყვიტეთ ძალადობა თქვენი ხალხის წინააღმდეგ
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მოუწოდებს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა შეწყვიტოს.
ამის შესახებ განცხადება სამინისტროს პრესსპიკერმა აბას მუსავიმ გააკეთა.
„მივმართავ ამერიკელ ხალხს: მსოფლიომ შეისმინა თქვენი წუხილი ჩაგვრის გამო. მსოფლიო თქვენთან ერთად დგას. მივმართავ ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და პოლიციას: შეწყვიტეთ ძალადობა თქვენი ხალხის წინააღმდეგ და მიეცით მათ სუნთქვის საშუალება“, – განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა.
აშშ-ში უკვე მერვე დღეა, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, რომელიც პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას ემსხვერპლა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მოქალაქეები ითხოვენ, პასუხისგებაში მისცენ ის სამი პოლიციელიც, რომელიც დაკავების ოპერაციაში, მთავარ ეჭვმიტანილ, დერეკ შოვინთან ერთად იღებდა მონაწილეობას.
თავად დერეკ შოვინს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 35 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.