ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიბანში პეიჯერების აფეთქებებს ტერორისტული აქტი უწოდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ლიბანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას ლიბანში პეიჯერების აფეთქების ფაქტი დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა.
გავრცელებული ცნობით, აფეთქებისას ლიბანში ირანის ელჩი მოჯთაბა ამანი მსუბუქად დაშავდა. ის ამჟამად საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ელჩისთვის დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის.
ცნობისთვის, ლიბანში აფეთქებების შედეგად მსხვერპლის რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, ხოლო 2 800-მდე ადამიანი დაშავებულია. აფეთქებების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა სირიაშიც. ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ პეიჯერების მასშტაბურ აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით ემუქრება.