ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრამპმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ შეგვაშინებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ „ომის გაღვივებაში“ დაადანაშაულა. როგორც მუჰამედ ჯავად ზარიფმა ტელეკომპანია „სიენენთან“ (CNN) ინტერვიუში განაცხადა, ირანს აშშ-ის მხრიდან სამხედრო ქმედებების გაგრძელების არ ეშინია.
„ჩვენ დავიცავთ ტერიტორიას და ხალხს. აშშ-ს შეუძლია, დაიცვას საკუთარი ქვეყანა, მაგრამ აშშ-ს არ შეუძლია ამტკიცოს, რომ საკუთარ ქვეყანას იცავს ათასობით კილომეტრის დაშორებით“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირანს ჰყავს რეგიონში მოკავშირეები.
„პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გამოიღვიძოს და შეხედოს რეალობას – ჩვენს რეგიონში ხალხი განრისხებულია და მათ სურთ, რომ აშშ-მა რეგიონი დატოვოს“, – განაცხადა ზარიფმა.
მისივე თქმით, „აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ბოდიში უნდა მოიხადოს და კურსი შეცვალოს“.
„ომი რეგიონში აშშ-მა დიდი ხნის წინ წამოიწყო. აშშ-მა გაანადგურა სტაბილურობა რეგიონში, აშშ-ი ძირს უთხრის რეგიონის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.
მან ასევე ისაუბრა აშშ-ის მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე და თქვა, რომ „ბოლო თვის განმავლობაში ამ სანქციების გამო, ირანში სულ მცირე 25 ბავშვი გარდაიცვალა“.