ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანს საკუთარი ხალხისა და ინტერესების დაცვაში „წითელი ხაზები“ არ აქვს
ირანს საკუთარი ხალხისა და ინტერესების დაცვაში „წითელი ხაზები“ არ აქვს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაქჩიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ჩვენ უზარმაზარი ძალისხმევა გავწიეთ, რათა შეგვეკავებინა ჩვენს რეგიონში ფართომასშტაბური ომი, მე მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ჩვენ არ გვაქვს წითელი ხაზები ჩვენი ხალხის და ინტერესების დაცვაში“, – დაწერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ისრაელსა და მოძრაობა „ჰეზბოლას“ შორის გამწვავების ფონზე, პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით 180-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანზე „ლეტალურ, ზუსტ და მოულოდნელ“ დარტყმას განახორციელებს. როგორც ამერიკული ტელეკომპანია „ენბისი ნიუსი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, ისრაელმა ირანში საპასუხო დარტყმის პოტენციური სამიზნეების წრე შეამცირა და სავარაუდოდ სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანას განიხილავს. ამასთან, როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, ისრაელს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და როდის იმოქმედებს.