ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ გადაუცია, სანქციები არ არის გამოსავალი, არამედ პრობლემის ნაწილია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უარყოფს ინფორმაციას, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა. აღნიშნულის შესახებ აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ ერთხელ, აშშ და E3 მოქმედებენ გაუმართავი დაზვერვისა და მცდარი ლოგიკის საფუძველზე. ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ მიუწოდებია. წერტილი. სანქციების მომხრეებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, როგორ შეუძლია ირანს, აწარმოოს და გაყიდოს ასეთი იარაღი? სანქციები არ არის გამოსავალი, არამედ პრობლემის ნაწილია“, – წერს აღაჩი.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ (E3) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ. ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა ირანსა და რუსეთს სანქციები დაუწესა. რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანს სანქციები დაუწესა აშშ-მაც.