ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანის წინააღმდეგ საუდის არაბეთის ან აშშ-ის სამხედრო იერიში ფართომასშტაბიან ომს გამოიწვევს
ირანის წინააღმდეგ საუდის არაბეთის ან აშშ-ის სამხედრო იერიში ფართომასშტაბიან ომს გამოიწვევს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მოჰამად ჯავად ზარიფის თქმით, თეირანს სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვა არ სურს, თუმცა ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად სრულად არის მზად.
საუდის არაბეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იმყოფება, რომელიც ქვეყნის დე-ფაქტო მმართველთან, მემკვიდრე პრინც, მოჰამედ ბინ სალმანთან ერთად განიხილავს საპასუხო ზომებს. მაიკ პომპეოს განცხადებით, ნავთობის ობიექტების დაბომბვა საუდის არაბეთის წინააღმდეგ ომის ქმედება იყო. საუდის არაბეთი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს. ირანი ბრალდებებს უარყოფს, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა კი, იემენელმა შიიტმა ჰუსიტებმა აიღეს.